საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესზე – « ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები », რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი ქართველოლოგები სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის წვერები არიან : საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II (საპატიო თავმჯდომარე), მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი (თავმჯდომარე), საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერტაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მეუფე დანიელი (ფაჩუაშვილი), აკადემიკოსები – გუჩა კვარაცხელია, დავით მუსხელიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ არაბული, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პროფესორები – ირმა რატიანი, მარიამ დიდებულიძე და ბუბა კუდავა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარსემა ილია II-მ, ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთა საყურადღებოდ რამდენიმეგზის გაუსვა ხაზი ქართველოლოგიაში შექმნილ ვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობას და პირადად ყველანაირად უწყობს ხელს ამ მიმართულებით სასარგებლო ინიციატივების რეალიზებას. თავის მხრივ, მეცნიერებათა აკადემია ტრადიციულად წარმოადგენს ქართველოლოგიურ მიმართულებათა მაკოორდინირებელ ცენტრს. კონგრესი მოიაზრება, როგორც ერთგვარი დათვალიერება, ერთი მხრივ, იმ უმნიშვნელოვანესი შედეგებისა, რასაც სხვადასხვა მიმართულებით მიაღწიეს ქართველოლოგებმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მეორე მხრივ, იმ უმნიშვნელოვანესი შედეგებისა, რაც უკანასკნელი ათწლეულების გაჭიანურებული კრიზისის შედეგად შეექმნა ქართველოლოგიის განვითარებას საშინაო თუ საერთაშორისო ასპარეზზე.
ქართველოლოგიური კონგრესის სამუშაო სექციების ნუსხა ასეთია : ქართული ენა, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ისტორია-ისტორიოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ლიტერატურათმცოდნეობა, ქრისტიანული მწიგნობრობის კვლევის თეორიული და პრაქტიკული პრობლემები, ღვთისმეტყველება, ქართული ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ფოლკლორი.