„ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მთლიანად კოლეგიის პასუხისმგებლობაზე და საკითხი დაგვესვა ვთქვათ, კოლეგიის აცილების თაობაზე“

„ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მთლიანად კოლეგიის პასუხისმგებლობაზე და საკითხი დაგვესვა ვთქვათ, კოლეგიის აცილების თაობაზე“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ეს პრაქტიკულად კოლეგიის აცილებას ნიშნავს.

როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა შუამდგომლობის მთავარი საფუძველი იყო, თუ როგორი პროცედურით მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული ნორმის შეჩერების გადაწყვეტილება.

„ის, რომ მოსამართლეები ვარძელაშვილი და კოპალეიშვილი მსახურობდნენ სხვადასხვა დროს იუსტიციის სამინიტროში, თუ ბატონ გვარამიასთან ერთად, ეს არ არის ძირითადი საფუძველი იმისა, თუ რატომ მოვითხოვეთ ჩვენ მოსამართლეთა აცილება. ჩვენ ჩვენს შუამდგომლობაში ვთქვით, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, შესაძლებელია ესეც იყოს. მთავარი გახლავთ ის, თუ როგორი პროცედურით მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ანუ სამოქალაქო კოდექსის იმ კონკრეტული ნორმის შეჩერების თაობაზე. აქ იყო არათანმიმდევრულობა, არალოგიკურობა, მალულობა“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა ორი მოსამართლის აცილება შემდგომ სურათს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ორი მოსამართლის აცილება თუ დაკმაყოფილდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე განსახილველად მეორე კოლეგიას გადაეცემა.

„მე მიმაჩნია, რომ აქ არა მხოლოდ კოლეგიის თავმჯდომარის, ბატონი ვარძელაშვილის პრობლემა იკვეთება, არამედ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მთლიანად კოლეგიის პასუხისმგებლობაზე და საკითხი დაგვესვა ვთქვათ, კოლეგიის აცილების თაობაზე. მაგრამ ორი მოსამართლის აცილება თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ავტომატურად ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე განსახილველად მეორე კოლეგიას გადაეცემა. ანუ ეს ტოლფასია კოლეგიის აცილებისა“, - აღნიშნა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, „რუსთავი 2“–ის სარჩელთან დაკავშირებით, მოსამართლეთა - ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის, აცილების შუამდგომლობით მიმართა.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიუკერძოებლობის მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის შუამდგომლობაზე, 2 მოსამართლის აცილების შესახებ, მოსამართლეთა კოლეგია ხვალ იმსჯელებს.