ეკონომიკის ექსპერტის ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლება არც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ღიად.
როგორც ექსპერტმა "პირWელთან" საუბარში აღნიშნა, "რუსთავი-2"-ის პრობლემა გაჩნდა არა მოსამართლე ურთმელიძის განჩინების გამოცხადებისას, არამედ ჯერ კიდევ 2004 წელს, როცა მაშინდელ მფლობელებს ტელეარხი იძულებით გააყიდინეს, იმისთვის, რომ იგი გამხდარიყო "ნაციონალური მოძრაობის" რუპორი.
"კარგად მახსოვს ლოზუნგი, რომ "რუსთავი-2" არის "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია". შემდგომში, განხორციელდა უკანონო ქმედებები, თუნდაც, ბატონ ხალვაშთან მიმართებაში და მოხდა ყველაზე პოპულარული არხის სრული დეგრადაცია. სამართლიანობა რატომ არ უნდა აღსდგეს, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უძრავი ქონების დაბრუნების გზით და რატომ უნდა ჰქონდეს აშკარად ექსტრემისტულ პოლიტიკურ ძალას ექსკლუზიური ტელეარხი. ვთვლი, აგრეთვე, რომ არც ამერიკის საელჩოს და არც,"ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებები სამართლიანი არ არის. მიმდინარეობს არა მედიის თავისუფლების შეზღუდვის, არამედ, პირიქით მედიის თავისუფლების საბოლოო უზრუნველყოფის პროცესი", - აცხადებს თვალჭრელიძე.
მისი თქმით, ევროკავშირთან ინტეგრირების პროცესზე ეს ყველაფერი გავლენას ვერ მოახდენს.
"არამგონია გავლენა მოახდინოს. ეს ყველაფერი წარმავალია. ყველაფერი გაივლის და დიდად არავითარ გავლენას არ მოახდენს. მეჩვენება, რომ მთავრობა დიდად არ ერევა "რუსთავი 2"-თან მიმდინარე პროცესებში, თუმცა მათი პიარი აბსოლუტურად მიუღებელია. ნორმალურად უნდა გააგებინონ მოსახლეობას, დასავლელ პარტნიორებს თავისი ქმედებების შესახებ, რასაც ვერ ახერხებს", - აცხადებს ექსპერტი.