აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ყველანაირად ვცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობაში

აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ყველანაირად ვცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობაში

როგორც არ უნდა ინატროთ, ვერაფერი ვერ შემეხება მე, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას აშშ-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ვაშინგტონი "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ აღნიშნულს კონკრეტული პოლიტიკური შედეგები ექნება.

მედიის წარმომადგენლები მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისგან დაინტერესდნენ, რამდენად შეიძლება "კონკრეტული პოლიტიკური შედეგი" უშუალოდ მასაც შეეხოს. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულს "სიზმარი" უწოდა.

"როგორ უნდა შემეხოს? საუბედუროდ, თქვენს სურვილებს სიზმრები შეიძლება დავარქვათ... როგორც არ უნდა ინატროთ, ვერაფერი ვერ შემეხება მე, რადგან განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვისაც თქვენ იცავთ, კანონს არ ვარღვევ", - მიმართა ივანიშვილმა კითხვის ავტორს.

რაც შეეხება უშუალოდ აშშ-ში გაკეთებულ განცხადებას, ყოფილი პრემიერის აზრით, ვაშინგტონის მხრიდან გამოთქმული შეშფოთება გადაჭარბებულია.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას. ის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ყველანაირად ვცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობაში. მე ვფიქრობ, შეშფოთება არის გადაჭარბებული. საფუძველი ამის კი გახლავთ ისევ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 9 წლის განმავლობაში ახერხებდა უამრავი მეგობრის შეძენას, თავისი ხელწერის – დიქტატურის ნაცვლად დემოკრატიად გაფორმებას და ა.შ. მე ამას გულწრფელად ვიღებ ყურადღებით. ვალდებულადაც კი ვთვლი თავს და დღევანდელ ხელისუფლებასაც ვფიქრობ იგივე ვალდებულება აქვს, რომ ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხოთ. ვუპასუხებთ კიდეც და ვაჩვენებთ რეალობას, რომ არაფერიც არ ხდება. მარტივი თემაა ხალხო – "მაესტრო" გაქვთ გვერდით, თანაც "მაესტროში" გაცილებით ჯანსაღი პროცესია - იქ დაობენ მესაკუთრეები, აქ კი დაობს ორი მესაკუთრე, რომელიც ორჯერ გაძარცვეს და გაუგებარი კაცი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად", - განმარტა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებას არ სჭირდება "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველები და არც თავად "რუსთავი 2", რომ არჩევნებამდე ხელიდან გამოაცალოს "ნაციონალურ მოძრაობას".