საკმარისია, ნებისმიერმა ადამიანმა ნახოს, რა ხდება გალის რაიონში და რა – ზუგდიდის რაიონში, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას თავად, ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე მიიღებს, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გალის დე ფაქტო გამგებლის თემურ ნადარაიას განცხადებას, რომ ქართული მედიასაშუალებები გალის რაიონში საქართველოსთან ინტეგრაციის სიკეთის შესახებ აქტიურ პროპაგანდას ეწევიან.
"გალის რაიონი, ისევე, როგორც მთელი აფხაზეთის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიად არის აღიარებული და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირი საქართველოს მოქალაქედ ითვლება. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს არ სჭირდება გალის რაიონში არანაირი პროპაგანდა იმ სიკეთეების შესათავაზებლად, რომლებსაც საქართველოს ყველა მოქალაქეს სთავაზობს. გალის დე ფაქტო გამგებელი არცერთ ფაქტს არ ასახელებს იმის დასადასტურებლად, რომ მიმდინარეობს პროპაგანდა და ვინმეს გადაბირება. ქართული პრესით არანაირი პროპაგანდა არ ხდება. ამდენად, მიმაჩნია, რომ მისი ეს განცხადება არის მორიგი მცდელობა, გაამართლონ ბოლო წლების განმავლობაში გალის რაიონში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული რუსიფიკაციის პოლიტიკა და უსუსური არგუმენტი იმისთვის, რომ გალის რაიონის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციონ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება საავადმყოფოს, რომელიც სოფელ რუხში შენდება, ზაქარეიშვილის თქმით, სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს, ვინაიდან ჯანდაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა.
"იმის გამო, რომ ნადარაიამ რუხის საავადმყოფოს მშენებლობა პროპაგანდაში არ ჩაგვითვალოს, ზუგდიდის რაიონს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე ვერ დავტოვებთ. დარწმუნებული ვარ, ამ მომსახურებით ისარგებლებენ არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ გალის, ოჩამჩირის, გუდაუთის და სხვა რაიონების მცხოვრებნი აფხაზეთის ტერიტორიიდან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.