უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი განათლების სამინისტროს მიმართავს, განათლების კომიტეტის ფორმატში, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, "ზოგადი განათლების შესახებ" კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.
როგორც პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, კობა სუბელიანის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, მას "ნაციონალების" გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, რადგან მათი ხელისუფლების დროს 50 ბაღი საერთოდ გაქრა.
"ახლა საუბარი და მსჯელობა იმაზე, რომ რა ეშველება ბავშვებს და მშობლები ტირიან, გულწრფელად არ მიმაჩნია. სჯობს, ამ თამაშს თავი დაანებოთ. მცდარად მიმაჩნია, რომ თქვენი ზრუნვის საგანი განათლებაა. სკოლებს, ბაღებს რა დამართეთ, ეს ძალიან კარგად მახსოვს. თქვენი მიზანია, პოლიტიკური თემა აიწიოს. მეცნიერებასთან და სკოლებთან დაკავშირებით თქვენი მოღვაწეობა სახეზეა და მეცნიერებს შეეკითხეთ, მათ რა დამართეთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სკოლამდელ ასაკთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ საკუთარი ხედვა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა და უმჯობესი იქნება, რომ უწყებამ საკითხი განათლების კომიტეტის ფორმატში, ფართო აუდიტორიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაიაროს და საკითხის განხილვაში ჩაერთოს.
აღნიშნულ კანონში ცვლილებები მეორედ კობა სუბელიანმა მოამზადა.