ჟურნალისტებს, რომლებმაც ნეტგაზეთს კომენტარები მისცეს არ ესწავლებათ, რომ ნებისმიერი კონკრეტული ფაქტი არ არის ზოგადი ცდომილება (მზის ამოსვლა, ან ჩასვლა) და მას აუცილებლად ახლავს, შესაბამისი კონკრეტული კონტექსტი.
მოსამართლის მსჯელობა ზემოაღნიშნულ განჩინებაში, რუსთავი 2-ის მიერ საკითხების გაშუქებაზე, მედიის მოვალეობაზე, საზოგადოების უფლებაზე, მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციაზე და ა.შ. მიმდინარეობს მესაკუთრეთა დავის კონტექსტში და არა განყენებულად. რომ არ არსებობდეს მესაკუთრეთა დავა, მოსამართლის მსჯელობა მაუწყებლის საქმიანობის და ინფორმაციის გაშუქების საკითხებზე, რამაც, მისი აზრით შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არხის რეიტინგზე და გაზარდოს ფინანსური და ქონებრივი ზარალის რისკები, საერთოდ არ იქნებოდა აქტუალური.
მიზეზი მარტივია, დავის არარსებობის შემთხვევაში ამ შესაძლო ზარალის კონკრეტული ადრესატი ცნობილია, გარკვეულია და ეს კომპანიის მფლობელები არიან, მაგრამ რადგან მესაკუთრეთა შორის მიმდინარეობს დავა და დღეს უცნობია, ეს დავა, ვის სასარგებლოდ დასრულდება, მომავალი მფლობელების ინტერესშია, ტელეკომპანია რუსთავი 2 დღეს იმართებოდეს ისე, რომ არ დაუვარდეს რეიტინგი და შესაბამისად, არ გაეზარდოს ფინანსური და ქონებრივი ზიანის მიღების რისკები.
სასამართლოა ის ერთადერთი ორგანო, რომელმაც არა მხოლოდ საბოლოო კანონიერი გადაწყვეტილების მიღება უნდა უზრუნველყოს ამ დავაზე, არამედ პროცესის დასრულებამდე, ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის შესაძლო ფინანსური და ქონებრივი ზიანის ასაცილებლად პრევენციული ზომების მიღება. ზუსტად ამ მიზეზების გამო ახლდა, ჩემი აზრით, მოსამართლის მხრიდან, სამოტივაციო ნაწილს ამ საკითხებზე მსჯელობა და რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არანაირი მცდელობაც კი არ ყოფილა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არსებობდა და ჩანდა ასეთი გარემოებები, ქმედებები მაუწყებლის მხრიდან, რომელსაც შესაძლოა არხის რეიტინგის ვარდნა და შესაბამისად, ფინანსური და ქონებრივი ზიანის მიღების რისკები გაეზარდა? რა თქმა უნდა არსებობდა და არსებობს დღესაც. ვრცელი ჩამონათვალი რომ არ გავაკეთო, ჩემთვის (და ეჭვი მაქვს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის) რამდენიმე ქმედებაც კი საკმარისია ამის დასანახად: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, დავის დაწყებისთანავე მისმა მენეჯმენტმა აქცია მხარედ, კომპანიამ დავის პროცესში დაიკავა ერთერთი მოდავე მხარის პოზიცია. რა მოწმობს ამას? მაგალითად, რუსთავი 2-ის იურისტი ერთერთი მესაკუთრის (მოდავე მხარის) ადვოკატია. კომპანიის ფაქტიურ მხარედ ქცევამ გამოიწვია სხვა ქმედება;
"რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება გადატანილ იქნა ძირითადად არსებული სასამართლო დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. რაც გამოხატული იყო სასამართლო პროცესის გაშუქებით, სადაც ტელეკომპანია, მისი მენეჯერის სახით ფაქტობრივ მხარედ იქცა. ასევე გამოიხატა, რამდენჯერმე დადგენილი, წინასწარ განსაზღვრული სამაუწყებლო ბადის დარღვევით, სასამართლო დავის გარშემო საკითხების სპეციალური, დაუგეგმავი გამოშვებებით გაშუქების გზით; აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სახეზეა სამაუწყებლო პროდუქტის (და არა სარედაქციო პოლიტიკის) იმგვარი ცვლილების რისკები, რომლებმაც შეიძლება შეამციროს სარეკლამო შემოსავლები, შეამციროს რეიტინგი და გაიზარდოს ქონებრივი ზიანის დადგომის ალბათობა. ტელევიზია ჩვეულებრივი ბიზნესია. კოკა-კოლას მწარმოებელმა კომპანიამ, ამ კომპანიის მესაკუთრეების დავის პროცესში სპრაიტის გამოშვება რომ დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გამაგრილებელი სასმელია, შეიძლება ბაზარზე არ გაიყიდოს და კომპანია ფინანსური ზარალის მიღების რისკების ქვეშ დადგეს. ამ კონტექსტში საუბრობს სასამართლოს განჩინება სამაუწყებლო პროდუქტის ცვლილების შედეგად მოსალოდნელი ფინანსური რისკების შესახებ. სხვანაირად, სამაუწყებლო პროდუქტზე ვერ ილაპარაკებდა. რაც არცერთ შემთხვევაში არ არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.
https://www.facebook.com/kakha.bekauri/posts/10208156381015113?__mref=message_bubble