„მე რომ სასამართლოს ვმართავდე, იმდენი ჭკუა მეყოფოდა, ამდენი აჟიოტაჟი არ ატეხილიყო“

„მე რომ სასამართლოს ვმართავდე, იმდენი ჭკუა მეყოფოდა, ამდენი აჟიოტაჟი არ ატეხილიყო“

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების მიმართ, რომ „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნა, კითხვები არსებობს.

როგორც ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინმეს ურთმელიძის გადაწყვეტილება არ მოსწონს და მასში ეჭვი ეპარება, ამაზე პასუხი ისევ სასამართლომ უნდა გასცეს. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას და მათ შორის პოლიტიკოსებს, მოუწოდა პატივი სცენ სასამართლოს და ვისაც არ მოსწონს პირველი ინსტანცია, დაელოდოს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დღევანდელი საზოგადოება ლინჩის წესზე დაიყვანოს და ამით კანონიერი ნორმები შეაჩეროს, რასაცმ ივანიშვილის თქმით, ვერ მოახერხებენ.

ყოფილმა პრემიერმა ასევე იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის თანახმადაც სასამართლო და კონკრეტულად ურთმელიძე მისგან არის მართული.

„გადაწყვეტილება, რომ დროებითი მმართველები ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნენ, დღევანდელი მთავრობისთვის დამაზიანებელია. მე თუ ვმართავდი სასამართლოს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მომინდებოდა. მე იმდენი ჭკუა მეყოფოდა, რომ ამდენი აჟიოტაჟი არ ატეხილიყო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა ცოტაა და სწორედ აქედან გამომდინარეა გარკვეული კითხვები.