როგორც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფედერიკა მოგერინის საქართველოიში ვიზიტი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.
ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის აქტიური ჩართულობა არის გადამწყვეტი საქართველოსთვის, როგორც ევროპული, დემოკრატიური, სტაბილური სახელმწიფოს წარმატებისთვის.
„ის ფაქტი, რომ დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას, ჩვენი ევროპული არჩევანისადმი და ასახავს იმ უნიკალურ ურთიერთობას, რაც უკვე გაგვაჩნია ჩვენ პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის სახით. მე მინდა მადლობა გადავუხადო მოგერინის, მისი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში. ჩვენ გვქონდა საკმაოდ ღია მეგობრული და ამავე დროს საქმიანი შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც არის დღის წესრიგში. ჩვენი ძირითადი გზავნილი არის, რომ ევროკავშირის აქტიური ჩართულობა არის გადამწყვეტი საქართველოსთვის, როგორც ევროპული, დემოკრატიური, სტაბილური სახელმწიფოს წარმატებისთვის. მე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონ მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ უფრო მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა საქართველო-ევროკავშირს შორის. 16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭსოს მეორე სხდომა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შევაჯამოთ არსებული პროცესი, პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ მოკლე დროში. ჩვენ მოვამზადებთ საფუძველს ახალი მიღწევებისა და ინიციატივებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მართლაც წარმატების მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში. ამ კუთხით ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივების ფარგლებში დიფერენცირებული, უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობების განვითარებას ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ 26 ნოემბერს თბილისში ვუმასპინძლებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივების, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას. მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, ჩვენი მტკიცე ევროპული არჩევანი ესაა არჩევანი ჩვენი ხალხის, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ესაა არჩევანი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქცევს ნამდვილ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება არის ჩემი მთავრობის უმთავრესი ამოცანა და ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოს ევროპულ მომავალში. ასევე, სავიზო დიალოგის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული უამრავი ნაბიჯი, რომელმაც სერიოზული წინსვლა მოიტანა. ჩვენმა მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია, სწორედ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საქმოემედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დასამთავრებლად, შესასრულებლად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ანგარიშში დადებითად იქნება ასახული ჩვენი საქართველოს მიღწევები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი გახდება", - განაცხადა პრემიერმა.