"ისლამურ სახელმწიფოში" პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 7 ათასამდე მოქალაქე იბრძვის

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 7 ათასამდე მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ ევგენი სისოევმა, სოჭში, რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"2015 წლის ზაფხულში "ისლამურ სახელმწიფოში" 80 ათასამდე ადამიანი იყო გაწევრიანებული. აქედან 50 000 სირიის, 30 000 კი, ერაყის ტერიტორიაზეა. დაახლოებით 30 000 ტერორისტი - უცხოელია. მათი უმრავლესობა იქ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩავიდა. პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან კი, ორგანიზაციის რიგებში დაახლოებით 7 000 ადამიანი გაწევრიანდა", - განაცხადა სისოევმა.

მისი ინფორმაციით, წელს რუსმა ძალოვნებმა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი 7 ბანდფორმირება გაანადგურეს, რომლებსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდათ კავშირები.