„ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წელიწადში 12 ტელევიზიიდან 11-ს შეეცვალა მფლობელები“

„ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წელიწადში 12 ტელევიზიიდან 11-ს შეეცვალა მფლობელები“

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-მა არ უნდა შეწყვიტოს მაუწყებლობა.

"არ წამიკითხავს განცხადება, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ „რუსთავი 2“-მა არ უნდა შეწყვიტოს მაუწყებლობა", - განაცხადა სუბარმა.

დევნილთა მინისტრი პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ეს უკანასკნელი „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლეების აცილებას ითხოვს, მიზეზად კი მათი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ახლო ურთიერთობებს ასახელებს.

"პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესზე და ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება დააყენოს აცილების საკითხი, თუ მიაჩნია, რომ ესაა მიკერძოებული. სასამართლოს გადასაწყევეტია ამას დააკმაყოფილებს თუ არა ამ აცილებას.

როცა საუბარი ეხებოდა ურთმელიძეს, ამ შემთხვევაში პარლამენტი არ იყო მხარე, როცა არის საკონსტიტუციოში, პარლამენტი არის მხარე, იმიტომ, რომ პარლამენტი არის მოპასუხე. პარლამენტს ვალდებულება აქვს თუ მიაჩნია, რომ რაღაცა არასწორია, ეს უნდა თქვას, მაგრამ სასამართლოს გადასაწყვეტია ამას შეასრულებს თუ არა, ზეწოლა შეუძლებელია სასამართლოზე. რაც შეეხება ურთმელიძის განაჩენს, რითი იხელმძღვანელა მან, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო. თუ პოლიტიკურ შეფასებებზე ვისაუბრებთ, 2007-2008 წლებში ჩემ ჩანაწერებს გადავხედე მაშინდელ პროცესებზე, პირდაპირ მაქვს ასეთი ფრაზა დაწერილი, რომ ის რაც ხდებოდა „რუსთავი 2“-თან, „მზე“-სთან, რამდენიმე სხვა ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, ეს იყო სახელმწიფო რეკეტი, განხორციელებული სახელმწიფოს მხრიდან, ახლა ნამდვილად არ მაქვს იგივე განცდა, იმიტომ, რომ მაშინ მოხდა ერთი რამ 4 წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 მაშინ მოქმედი ტელევიზიიდან 11-ს შეეცვალა მფლობელები, ზოგს რამდენჯერმე და ყველა ყოფილი მფლობელი აცხადებდა, რომ მას ძალით წაართვეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ან მინიმალური ანაზღაურებით, რასთანაც ახლა არ გვაქვს საქმე. ახლა საუბარია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მათ ადრე წაართვეს, სასამართლოში დავობენ. ესაა ერთადერთი სამართლებრივი გზა, არანაირი ბერკეტი ხელისუფლებას, რომ მოახდინოს ზეწოლა მოსამართლეზე ან მხარეზე, ჩვენ არ გვაქვს და რომ გვქონდეს და გამოვიყენოთ, ეს იქნება გაცილებით უარესი გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული დემოკრატიისთვის, ვიდრე ის რაც ხდება ახლა. თუმცა, ვადასტურებ, რომ ის სურათი რაც დღეს შეიქმნა, თითქოს ხელისუფლება ერევა რაიმეში, არაა მომგებიანი, ზოგადად ქვეყნისთვის“, - განაცხადა სუბარმა.