ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის შენარჩუნებისა და აღდგენის (კონსერვაციის) გეგმაზე მუშაობა სულ მალე დასრულდება. პროექტის ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების საკომუნიკაციო ქსელების შეცვლას და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროცესს იწყებს, რომლის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განხორციელებისთვის საჭირო გახდა გუდიაშვილის მოედნის არეალში 35 ავარიული სახლის დროებით გამაგრება. გუდიაშვილის მოედნის არეალში ფონდმა უკვე აქტიურად დაიწყო ავარიული სახლების გამაგრებები. 35 სახლიდან 11 მისამართზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს: ბეგლარ ახოსპირელის ქ.N4, N7, ახოსპირელის III ჩიხი N2/1, N1/2, N1/3 , გუდიაშვილის მოედანი N6/1, N7/2, ლერმონტოვის ქ. N2, ახოსპირელის I ჩიხი N3, N8/7 და ახოსპირელის II ჩიხი N3. თბილისის განვითარების ფონდს დეკემბრის დასაწყისში უკვე სრულყოფილი სახით ექნება გუდიაშვილის მოედნის და მისი მიმდებარე არეალის აღდგენა-შენარჩუნების (კონსერვაციის) გეგმა, რომელიც მოიცავს ამ ისტორიულ უბანში მდებარე თითოეული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ - კულტურულ, გეოლოგიურ, ურბანულ კვლევას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის განხორციელებას საფუძვლად დაედება. აღნიშნული დოკუმენტის მიხდვით შეიქმნება არქიტექტურული პროექტები გუდიაშვილის მოედნის არეალში სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის. გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის საკომუნიკაციო ქსელების მოწყობისა და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროექტი 2016 წლის ივნისში დასრულდება.