თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას ოპტიმისტური მოლოდინები აქვს.
თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკითხის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ხელისუფლებისთვისაც და მედიისთვისაც უნდა იყოს ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ყალბი მოლოდინები არ გააჩინონ.
„სანამ ქაღალდზე დაწერილად არ გვაქვს და არ ვიცით ზუსტად, მთავარი ამოცანა ხელისუფლების და ვფიქრობ, პასუხისმგებლიანი მედიისაც, უნდა იყოს ის, რომ არ გააჩინონ ყალბი მოლოდინები, რომ ამან მერე საზოგადოების იმედგაცრუება არ გამოიწვიოს. ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ მოვლენების განვითარებას და ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შედეგები რაც შეიძლება პოზიტიური იყოს. ამაში ეჭვი არავის ეპარება, რომ შედეგი პოზიტიური იქნება, თუმცა ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხზე და მასშტაბზე, რამდენად წარმატებული იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.