თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ის, როგორც კონსტიტუციონალისტი, ფიქრობს, რომ კანონი არცერთ მხარეს დაურღვევია, თუმცა გადაწყვეტილებები ჩუმად და ჩაკეტილ ოთახში არ უნდა მიიღებოდეს.
მისი თქმით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძესაც და საკონსტიტუციო სასამართლოსაც, გადაწყვეტილების მიღებისას მხარეები საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა.
"მარტო იურისტი არ ვარ, კონსტიტუციონალისტიც ვარ. ვფიქრობ, რომ სამარცხვინო ფორმით მოხდა ორივე გადაწყვეტილების მიღება. ორივე გადაწყვეტილება ჩუმად იყო მიღებული მხარეების გარეშე. ეს არ არის სწორი, არ ემსახურება არავითარ პროგრესს და პრობლემის მოგვარებას ქვეყანაში. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ორივე შემთვევაში, ერთნაირად არასწორად, არაგამჭვირვალედ, უფლებამოსილების გადაცდენით მოხდა გადაწყვეტილებების მიღება. კანონს თუ შევხედავთ სიტყვა-სიტყვით, არც ერთს არაფერი დაურღვევია. კანონის მიხედვით, როგორც ურთმელიძე არის პირნათელი კანონის წინაშე, ასევე აბსოლუტურად პირნათელნი არიან ისინი. მაგრამ იმიტომ წერია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებს, ის შინაგანი რწმენაც უნდა ჩამოგიყალიბდეს, მათ შორის, იქედან გამომდინარე რომ 2015 წელია, საქართველოა და დემოკრატიაა. არ შეიძლება გადაწყვეტილება შენთვის, ჩუმად ჩაკეტილ ოთახში გამოგქონდეს და მერე როცა ჩათვლი საჭიროდ, საზოგადოებას აცნობო. ეს არის ორივე შემთხვევაში პრობლემა, რომ სასამართლო ისე იხილავს საქმეს, რომ მხარეს საერთოდ არ აგებინებს. ამ შემთვევაში, პარლამენტს ვგულისხმობ. იგივე პრობლემაა, რაც პირველ შემთხვევაში“, - განაცხადა ხიდაშელმა.