დავით უსუფაშვილი და გიორგი პაპუაშვილი ერთმანეთს გაესაუბრნენ

დავით უსუფაშვილი და გიორგი პაპუაშვილი ერთმანეთს გაესაუბრნენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდომარე, გიორგი პაპუაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სასტუმრო "რედისონის" ფოიეში, რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს გაესაუბრნენ.

პაპუაშვილი და უსუფაშვილი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ხუმრობით ისაუბრეს.

უსუფაშვილმა შესთავაზა პაპუაშვილს, ბარემ აქ ვართ და სასტუმროს ფოიეში ხომ არ განვიხილოთ საკონსტიტუციო ნორმებიო; რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ამის უფლებას კონსტიტუცია არ აძლევს.

ამის შემდეგ, უსუფაშვილმა ასევე ხუმრობით უთხრა პაპუაშვილს, რომ ხომ არ გაეუქმებინა საკონსტიტუციო ნორმა, რომლის მიხედვითაც პარლამენტსაც და საკონსტიტუციო სასამართლოსაც თბილისში მუშაობას უკრძალავთ. ამის შემდეგ პაპუაშვილი და უსუფაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 46-ე მუხლის და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოსარჩელე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით.

პარლამენტი განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. კერძოდ, მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.