ფედერიკა მოგერინის მაისური წარწერებით

ფედერიკა მოგერინის მაისური წარწერებით "50/50" და "შოთა რუსთაველი" უსახსოვრეს

ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის მაისური წარწერებით "50/50" და "შოთა რუსთაველი" უსახსოვრეს.

ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნული საჩუქარი მოგერინის სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციის "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" ფარგლებში გადასცეს.

როგორც "ინტერპრესსნიუსს" ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ განუცხადა, აქციის მიზანს წარმოადგენდა გენდერული კვოტირების მხარდაჭერა. აღნიშნულ ორგანიზაციებს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი აქვთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პროპორციულ სიებში ქალთა რაოდენობა 50%-ს უნდა შეადგენდეს.

რუსეცკის თქმით, როდესაც საუბარია ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, ჩვენ ხშირად რეფერენსს შოთა რუსთაველზე ვაკეთებთ, რომელიც დღეს თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც ახსენა.

"ბევრი ფიქრდება რა შუაშია შოთა რუსთაველი და შემდეგ აკავშირებს ამ საკითხებს ერთმანეთთან. რაც შეეხება გენდერულ კვოტას, კანონმდებლობაში ჩვენ, მოგეხსენებათ, ამ საკითხს ვლობირებთ და გვაქვს სურვილი კანონპროექტი მიიღონ იმ სახით, რა სახითაც ჩვენ გვაქვს ინიცირებული ანუ 50% პროპორციულ სიაში. იმედი გვაქვს, რომ 2015 წლის დასრულებამდე გენდერული კვოტა იქნება მიღებული სწორედ ამ სახით და პროცენტი დაბლა არ დაიწევს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერ მივიღებთ იმ რაოდენობის ქალთა ჩართულობას, რომელიც შეძლებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას", - განაცადა ელენე რუსეცკიმ და დასძინა, რომ პროპორციული სიით ქალთა 50% რეალურად არ არის ბევრი და საუბარია მხოლოდ 38 ქალზე საქართველოს პარლამეტში.

დღევანდელ აქცია პერფომანსში ის ქალთა ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც გენდერულ კვოტირებას უჭერენ მხარს.