ვადასტურებ პატივისცემას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, მაგრამ როცა პარლამენტი მხარეა, მან თავისი უნდა ამტკიცოს, დაიცვას ინტერესები, მათ შორის - პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის შუამდგომლობას, რომელიც ეხება "რუსთავი 2"-ის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების საკითხს.
ამასთან, როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტრებს აცნობა, ხვალ დილისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სხდომა ჩაინიშნა, რომლის თაობაზეც შეტყობინება პარლამენტში გუშინ მივიდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, მათი სურვილი და თხოვნაა, ორი-სამი დღე მაინც ჰქონდეთ დრო სარჩელის გასაცნობად, რადგან "მუხლების შეჩერება კერძო საქმე არ არის, საუბარია კანონზე, რომელიც ეხება როგორც ერთ, ასევე სხვა სუბიექტს".
"დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია – მე ამას ვადასტურებ. ამასობაში, თუ თქვენ დამატებით საფუძველბს მიუთითებთ, რომ მოსამართლეებს შეიძლება, კიდევ სხვა პრობლემები ჰქონდეთ და მათი მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ იდგეს, ორმაგი საფუძველი ყოფილა იმისა, რომ ეს საქმე სხვამ განიხილოს. თუკი მეორე მხარეს ამასთან დაკავშირებით რაიმე პოზიციები ექნება, რომ ამ, თუ სხვა მოსამართლეებს შესაძლოა, ჰქონდეთ მათი ობიექტურობის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებები, ეს სასამართლოში უნდა გაირკვეს. სხვათა შორის, საკითხს თავად მოსამართლეები წყვეტენ. ეს ის თემა არ არის, როცა ვინმე ვინმეს ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის შუადგომლობასთან დაკავშირებით
მისივე თქმით, შუამდგომლობაში საკმაოდ დეტალურად იქნა განმარტებული, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესში და ამიტომ პოზიცია ამა თუ იმ მოსამართლის მიკერძოება-მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვართ მოპასუხე. შუამდგომლობაში მითითებულია ძალიან კონკრეტული გარემოებები – როგორ მოხდა საკითხის განხილვა, როგორ იყო ინფორმაცია ხელმიუწვდომელი ამ სარჩელთან დაკავშირებით, რა თანმიმდევრობით ხდებოდა საკითხების გარკვევა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ყველას ვთხოვ, მოსამართლეებს, საზოგადოებას, საკითხს შევხედოთ ისე, როგორ არის – დაისვა საკითხი, მას განიხილავენ თავად მოსამართლეები და თუ იგრძნობენ, რომ ამ გარემოების გამო მათ აქვთ გარკვეული უხერხულობა თუ დისკომფორტი, საქმეს აიცილებენ, თუ ამას არ იგრძნობენ, მაშინ იტყვიან, რომ ეს ასე არ არის. მინდა ყველას მივმართო, საბოლოო სიტყვის თქმა სასამართლოებს ვაცადოთ. მივცეთ ნება სასამართლოებს, ყველა ინსტანციას თავის სიტყვა თქვას ამა თუ იმ დისპუტის, კონფლიქტის გადაწყვეტაში", - აცხადებს უსუფაშვილი.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 46-ე მუხლის და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოსარჩელე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2-ის" მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით. პარლამენტი განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში.