ტერორისტული ორგანიზაციები მონებად აქცევენ ქალებს ჩვენს მეზობლად, ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინიათ ძლიერი ქალების, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია - "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" იმართება.
მისივე განმარტებით, ქალის ხმის დაცვა და გაძლიერება არის ყველა ქვეყნის პოლიტიკური და მორალური ვალდებულება.
"გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია და სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. შესაძლოა ეს არ მოხდეს იმ ტემპით, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჩართულობა ცვლის რეგიონში ამინდს და სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ.
არის ისეთი მოვლენები, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციები მონებად აქცევენ ქალებს ჩვენს მეზობლად. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინიათ ძლიერი ქალების. ეშინიათ ქალის ხმის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხმა ხმამაღლა ჟღერს. სწორედ ამ ხმის დაცვა და გაძლიერება არის პოლიტიკური და მორალური ვალდებულება და არის ძლიერი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის თქმით, გენდერული თანასწორობა უკავშირება მშვიდობას.
"ეს აღმოფხვრის რადიკალიზაციას, ხელს შეუწყობს სახელმწიფოს შენების პროცესს. ძალიან ბევრი ქალი არის მორიგების პროცესების მთავარი წევრი", - აღნიშნა მან.
ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერას ქალთა უფლებების მიმართ უკვე მნიშვნელოვანი შედეგები აქვს.
"10 წლის განმავლობაში 350 ათასმა სტუდენტმა შეძლო საშუალო განათლების მიღება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამით. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ჩვენი ახალი ჩარჩო, რომელიც მოიცავს 2016-2020 წლებს, მიზნად ისახავს დამატებითი წინსვლის მიღწევას. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გეოგრაფიულად ყველა რეგიონს შეეხება", - განმარტა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.