საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე განხორციელებულ ძალადობას გმობს. ზვიად კორძაძის ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გმობს ნებისმიერი ძალადობის ფაქტს, განსაკუთრებით, თუკი ძალადობა ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და მით უფრო, როდესაც იგი მიმართულია ადვოკატის წინააღმდეგ.
ასოციაცია ეხმიანება მედიაში 8 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციის თანამშრომლების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებდა, სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელდა მასზე ფიზიკური ძალადობა. ძალადობის ფაქტს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატიც.
იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს, რომ დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელშეშლა და მასზე ფიზიკური ან/და ფსიქიკური ზემოქმედების მცდელობაც კი.
იურიდიული ფირმების ასოციაცია შეახსენებს სახელმწიფოს ადვოკატის როლს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ადვოკატი შუამავალს წარმოადგენს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის, იგი უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი, რაც საბოლოოდ დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვისკენ არის მიმართული. შესაბამისად, ლეგიტიმურად მოველით, რომ ადვოკატის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტის გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დროულად გამოვლინდებიან და დაისჯებიან დამნაშავე პირები და მიღებული იქნება ზომები მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით.
აღნიშნულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სისხლის სამართლის კოდექსში იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ შემოთავაზებული ცვლილების აუცილებლობა, რომლის მიხედვითაც დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა უნდა იყოს დასჯადი.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აქტიურად დააკვირდება ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამოძიების პროცესს", - აღნიშნულია განცხადებაში.