პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს, კანიაო ვანჟეს შეხვდა.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ IFAD–ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემაში, რომელსაც განხორციელებული აქვს 4 პროექტი, საერთო თანხით დაახლოებით 120 მილიონი დოლარი. ამჟამად ფონდი აფინანსებს ახალ პროექტს – „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მდგრადობის შესახებ“, რომლის მიზანია სოფლად მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კანიაო ვანჟეს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და პირველი ვიზიტისთვის. საუბარი შეეხო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო მოიაზრება როგორც ე.წ. რეგიონალური ჰაბი, რომელიც ისტორიულად რამდენიმე სახელმწიფოს ერთმანეთთან აკავშირებს.

IFAD–ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში მიღწეულ პროგრესზე და დადებითად შეაფასა მთავრობის მუშაობა პროექტების განხორციელების კუთხით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრნენ.