ირაკლი ღარიბაშვილმა როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ირაკლი ღარიბაშვილმა როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი ფონდის საქმიანობას გაეცნო და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვითი პროგრამების შესახებ თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ახალშობილის დაბადებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაავადების გამოვლენისა და ახალშობილთა დიაგნოსტირების მნიშვნელობას.

"ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროგრამები და სამომავლო პროექტები", – განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა ელენა როსტროპოვიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფონდმა დააფინანსა და განახორციელა არაერთი სამედიცინო პროგრამა საქართველოში. მათ შორის: წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგიო იმუნიზაცია; ახალშობილებში შიდსის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია; ჰეპატიტ B-ს ელიმინაცია, ახალშობილებში ჰეპატიტ B-ს ვერტიკალური გადაცემის პრევენცია; ახალშობილთა სკრინინგი თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე; ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად; რისკის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და მოზარდების იმუნიზაცია ჰეპატიტ B-ს საწინააღმდეგოდ.