იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისში ვიზალიბერალიზაციის საკითხის რეალიზება მოხდება, - ამის შესახებ დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ევროკავშირის ქვეყნებში მალე უვიზოდ იმოგზაურონ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა მოსახლეობისთვის იმ რეფორმების განმარტების მნიშვნელობას, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან.
"ეს არ არის ყველაფერი ის, რაც თავისთავად მოვა. ეს ყოველივე ნიშნავს ყოველდღიურ თავდადებულ მუშაობას. ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ვიზის ლიბერალიზაციის თაობაზე შეთანხმების კუთხით და ვფიქრობთ, რომ კომისია ოპტიმისტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, ძალიან მალე საქართველოს მოსახლეობა შეძლებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე იმოგზაუროს. ეს არის, ერთი მხრივ, ძალიან სიმბოლური და მეორე მხრივ, პრაქტიკული ძალისხმევა. ესტონეთის მხრიდან, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან, იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისში ვიზა ლიბერალიზაციის საკიტხის რეალიზება მოხდება", - განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.