პარლამენტში არ იციან, როდის დაიწყება კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა. საუბარია მმართველი უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც პროექტის მიხედვით, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტით დაგეგმილია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირება.
როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას მას შემდეგ დაიწყებენ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიან. ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი კი დარწმუნებულია, პარლამენტის ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საერთოდ არ დაიწყება, რადგან მას ოპოზიცია მხარს არ უჭერს, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე კი, "ქართული ოცნება" პროექტს ვერ მიიღებს.
პარლამენტის დადგენილებით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საყოველთაო- სახალხო განხილვის კომისია 18 სექტემბერს შეიქმნა, რომელმაც სხდომა რამდენიმე ქალაქში გამართა, თუმცა პროექტი პარლამენტში განხილვებისთვის ჯერ არ შესულა.
კონსტიტუციაში წერია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ იწყება. პარლამენტის რეგლამენტში კი დაკონკრეტებულია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ მასალებს ერთი თვის ვადაში განიხილავს და პარლამენტი კანონპროექტის განხილვას მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ იწყებს.
ამ ერთთვიან ვადასთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ვადა იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო – სახალხო განხილვა ერთ თვეზე ნაკლებ დროში არ უნდა წარიმართოს და არა იმას, რომ პროექტის განხილვა პარლამენტმა ერთი თვის შემდეგ უნდა დაიწყოს.