მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობით კანონმდებლობის დარღვევას გადაარჩინა როგორც საკუთარი თავი , ასევე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და მისი ყველა წევრი, - ამის შესახებ "მოსამართლეთა ერთობის" თავმჯდომარემ, მოსამართლე მაია ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამორიცხული არ იყო თამაზ ურთმელიძის სხდომაზე გამოცხადების შემთხვევაში, სხდომა გადაზრდილიყო არსებით განხილვაში, რაც კანონდარღვევა იქნებოდა.
"აღნიშნული დღის წესრიგით საბჭოს სხდომა არ უნდა წარმართულიყო. ეს საკითხი ამ რაკურსით განხილული არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ეს შეიძლება ერთი მხრივ, ყოფილიყო სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა, მეორე მხრივ კი, შეიძლება შეფასებულიყო როგორც არსებითი განხილვა და უნებლიედ აღმოვჩნდებოდით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მონაწილეები. თუკი თამაზ ურთმელიძე არ გამოცხადდა სხდომაზე და არ ჩაება ამ პოლემიკაში, მან ფაქტობრივად ამით თავის თავი, სასამართლო კორპუსი, ასევე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და მისი ყველა წევრი იხსნა მოსალოდნელი კანონდარღვევისგან. მიმაჩნია, რომ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი", - განაცხადა მაია ბაქრაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის პირველი ნაწილი ურთმელიძის საკითხს დაეთმო. გამოცხადებული შესვენების შემდეგ კი საბჭოს სხდომა სხვა საკითხების განხილვით გაგრძელდა. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომას მედია აღარ ესწრება.