ნინო გვენეტაძეს აინტერესებს, რატომ არ გამოაქვეყნა სასამართლომ განცხადება

ნინო გვენეტაძეს აინტერესებს, რატომ არ გამოაქვეყნა სასამართლომ განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული განჩინების შესახებ

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს უმაღლეს სხდომაზე მიწვეული იყო არა ანგარიშის ჩასაბარებლად, არამედ "რუსთავი 2"-ის საქმესთან საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე , - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეს ემსახურებოდა გამჭვირვალების პრინციპს. ამასთან, გვენეტაძის თქმით, მას ჰქონდა ურთმელიძესთან ორი კითხვა, კერძოდ - იყო თუ არა ზეწოლა მასზე და რატომ არ გამოქვეყნდა საქალაქო სასამართლოს მხრიდან განცხადება მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით. ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ თუკი თამაზ ურთმელიძე საბჭოს სხდომაზე მივიდოდა, განჩინების შინაარსთან დაკავშირებით კითხვებს არ დასვამდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ამ განცხადების ირგვლივ იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა. საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი მოსაზრება და აღნიშნა, რომ მოსამართლის დაბარება გაუგებარი ფორმატით მოხდა. ამასთან, ლევან მურუსიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა პრეტენზია, რომ თამაზ ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე მიწვევასთან დაკავშირებით მან მედიის მეშვეობით გაიგო და საბჭოს მხრიდან ინფორმაცია არ ჰქონია.

საბჭოს კიდევ ერთ წევრის, კახა სოფრომაძის განმარტებით, მოსამართლის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ.

იუსტიციის საბჭოს წევრის, ევა გოცრიძის შეფასებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე არნახული ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ფეხქვეშ გათელოს მართლმსაჯულების ინტერესი, რაც დანაშაულს წარმოადგენს.

საბჭოს ესწრებიან საბჭოს არაწევრი მოსამართლეები. მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარე მაია ბაქრაძემ, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარისგან ნინო გვენეტაძისგან პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცა. მან აღნიშნა, რომ მოსამართლე ქვეყანში დაუცველია და ერთადერთი დადებითი, რაც მიმდინარე პროცესებში გამოიკვეთა და არის ის, რომ საბჭომ გაიღვიძა მოსამართლის დაცვის კუთხით. ხსდომა ამ დრომდე კამათის ფონზე მიმდინარეობს.