მოსამართლე თამაზ ურთმელიძის იუსტიციის საბჭოს სხდომაზე დაბარება გაუგებერი ფორმატია, - ამის შესახებ სხდომის მიმდინარეობისას იუსტიციის საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განცხადება საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართ გააკეთა.
ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე მოწვევასთან დაკავშირებით და შესაბამისად, რომ მისულიყო მოსამართლე, წარმოდგენა არ ქონდა რა შეკითხვებს დაუსვამდა.
"ეს არის გაუგებარი ფორმატი. მოსამართლემაც თქვა, რომ იბარებენ ანგარიშისთვის. ჩემთვის ეს არის გაუგებარი. არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც "რუსთავი2"-თან დაკავშირებით არის შექმნილი არ უნდა გადმოვიდეს სასამართლოში. მოვუწოდებ თავმჯდომარეს, რომ მნიშვნელოვანია საბჭოს წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია რას აპირებენ. მე შაბათს გავიგე ის, რომ მოსამართლე უნდა მოსულიყო საბჭოს სხდომაზე და რა კითხვა უნდა დამესვა წარმოდგენა არ მქონდა. დიდი შეცდომა იყო მისი დაბარება. ეს არის არაჯანსაღი აჟიოტაჟის სასამართლოს შიგნით გადმოტანა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მნიშვნელოვანია სასამართლოს თავისუფლება.
ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ კრიტიკა მისაღებია, თუმცა მოსამართლეებისა და სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია. მისი განმარტებით, თამაზ ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე დაბარება ეწინააღმდეგება კანონს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ლევან მურუსიძის საპასუხოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ ვერ გაიზიარებს მის აღშფოთებას, რადგან თამაზ ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე მიწვევა არ ეწინააღმდეგება არც კონსტიტუციას და არც ორგანულ კანონს "საერთო სასამართლოების შესახებ". ნინო გვენეტაძემ განმარტა, რომ ურთმელიძის სხდომაზე მიწვევა საბჭოს წინაშე ანგარიშის წარდგენას არ ნიშნავდა და ეს განპირობებული იყო საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.
ლევან მურუსიძემ გვენეტაძის ამ განცხადების საპასუხოდ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თამაზ ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე მიწვევა სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იყო.
ამასთან, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელმაც სხდომაზე სიტყვა ითხოვა აღნიშნავს, რომ ყველა მოსამართლეს უნდა მიეცეს საბჭოში ღირსეულად შესვლისა და საბჭოს ღირსეულად დატოვების საშუალება. აღნიშნულით მჭედლიშვილი იმ აქციას გამოეხმაურა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ სხდომის დაწყებამდე მიმდინარეობდა. კერძოდ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მდუმარე აქციას მართავდნენ და აპროტესტებდნენ თამაზ ურთმელიძის განჩინებას "რუსთავი2"-ის საქმეზე.