"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე მთავრობის ადმინისტრაციასთან ხუთი ადამიანი შიმშილობს. 
"გუშინდელი აქციის შემდეგ დავიწყეთ შიმშილობა. ამ ეტაპზე ვშიმშილობთ 5 ადამიანი, კერძოდ, ჩვენი პარტიის ლიდერები – ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია და მე. ასევე შემოგვიერთდა ჩვენი პარტიის მხარდამჭერი ლევან თედიაშვილი", - განაცხადა ინაშვილმა. 
მისივე თქმით, მოთხოვნებია, გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი, რომლებიც, ინაშვილის განცხადებით, უშუალოდ იყვნენ ჩართული შუალედური არჩევნების გაყალბებაში. ასევე, როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ისინი მოითხოვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით.