თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურაში პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე 333 მუხლის მესამე ნაწილით საქმეა აღძრული. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

"ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭკადუამ განუცხადა, გიორგი მდინარაძე გუშინ დაინიშნა ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად და როდესაც განყოფილებაში მივიდა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ეს არის სამარცხვინო. სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ცემაში მონაწილეობდა და დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელ პირებში არ ვგულისხმობ მხოლოდ კონკრეტული განყოფილების უფროსს. უნდა დაიგმოს და დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც აგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც 2012 წლამდე იყო ამ ქვეყანაში გაბატონებული", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას უშუალოდ გიორგი მდინარაძესთან დააზუსტებს, რის შემდეგაც "ადვოკატთა ასოციაციის" სახელით განცხადებას გააკეთებს.