„უსუფაშვილის ყავაზე, ან ლუდზე დაპატიჟება რომ გვდომოდა, პირადად დავურეკავდით

„უსუფაშვილის ყავაზე, ან ლუდზე დაპატიჟება რომ გვდომოდა, პირადად დავურეკავდით"

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის პასუხით უკმაყოფილოა.

პარტიის წევრებმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს და "რესპუბლიკურ პარტიას" ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს, რაზეც მათ დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ღირებულებებთან ერთად, მათ ტელეფონის ნომრებიც არ შეუცვლიათ.

"უსუფაშვილის პასუხი არ იყო სერიოზული. იმიტომ, რომ ჩვენ მასთან რომ გვდომოდა ყავაზე, ან ლუდზე დაპატიჟება, რა თქმა უნდა, მას პირადად დავურეკავდით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფრაქციამ მიმართა ფრაქციას და უთხრა, რომ ვილაპარაკოთ, რა ხდება დღეს ქვეყანაში, რატომ არის ასეთი გადაწყვეტილებები და როგორ შეიძლება აქედან გამოვიდეთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს და „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ სამსჯელოდ შეხვედრა შესთავაზეს.

დავით უსუფაშვილმა მიმართვას ასე უპასუხა: „კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების - მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს (ვფიქრობთ, ღირებულებებიც..). სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ“.