7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იყო ძალადობის წინააღმდეგ ქართველი საზოგადოების ბრძოლის დღე, ქუჩაში გამოსულმა ხალხმა ხმამაღლა თქვა, რომ არ აპირებს შეურიგდეს თავსმოხვეულ უსამართლობას და ძალადობას.
"მე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, მართლაც დეტალურად შევისწავლე, თუ რა ხდებოდა მაშინ, რა ხდებოდა ტელეკომპანია "იმედში", რა ხდებოდა ქუჩაში. მაგალითად, როგორ ამცირებდნენ ჟურნალისტს, ქალბატონს, რომელიც იყო ცხრა თვის ფეხმძიმე და როგორ აიძულებდნენ ბუქნების გაკეთებას, შემდეგ როგორ არბენინებდნენ და როგორ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. სრულიად უკანონოდ როგორ აღუკვეთეს თავისუფლება პარლამენტის წევრებს რამდენიმე საათის განმავლობაში და როგორ აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გვახსოვს, როგორ მოხდა "იმედისთვის" მაუწყებლობის შეწყვეტა, ასევე სრულიად უკანონოდ გაუთიშეს მაუწყებლობა ტელეკომპანია "კავკასიასა" და "25 არხს". მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიყავი მაშინ ის ადამიანი, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიური კონტაქტით, მოვახერხე და რამდენიმე დღის შემდეგ ამ ტელეკომპანიებს აღუდგათ მაუწყებლობა", - აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.
მინისტრის თქმით, 7 ნოემბერს კიდევ ერთხელ დარწმუნდა სრულიად საქართველო, რომ ქვეყანას მართავდა არა კანონი, არამედ ძალადობრივი რეჟიმი.
"დღეს, საქართველოში დადგა დრო, როცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუ გადავხედავთ ჩვენ ისტორიას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ვნახავთ, რომ ჩვენი ხალხის მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ, დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობებისკენ ურყევი და შეუქცევადია", - აცხადებს სოზარ სუბარი.