"პრეზიდენტმა იცის, რომ კოალიციის არც ერთ წევრს არ აქვს უფლება, მოსამართლეს პასუხი მოსთხოვოს"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, რომელიმე მოსამართლეს, პასუხი მოსთხოვონ.

ბესელიას თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეუსაბამო იყო.

"პრეზიდენტმა იცის, რომ არც ერთ პოლიტიკოსს და კოალიციის არც ერთ წევრს არ აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს პასუხი. თუ პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ურთმელიძეს პასუხი იმავე ხმაში უნდა მოვთხოვოთ, როგორც ამას აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეუსაბამო იყო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. მარგველაშვილმა მმართველ კოალიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ არადიპლომატიური გამონათქვამებისაგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ ფორმალური განცხადებებით.