"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა დევიდ კრამერი, რომელიც წლების განმავლობაში "ფრიდომ ჰაუსს" ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
"თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას, ეს იქნება საშინელი მარცხი. ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში, გარდა ავტორიტარულისა. მე კი არ ვფიქრობ, რომ საქართველო ავტორიტარული ქვეყანაა, მიმაჩნია, რომ ის დემოკრატიის გზაზეა, მაგრამ ეს უდავოდ უკან გადადგმული ნაბიჯია. მოსამართლეებმა საქმე უნდა გადაწყვიტონ კონკრეტული გარემოებებიდან და არა პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე. ეს გადაწყვეტილება არ დაეხმარება საქართველოს საკითხს არც ნატო-ში და არც ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთშიც არიან ისეთი ქვეყნები და ცალკეული პირები, რომლებიც ეძებენ ნებისმიერ მიზეზს იმისთვის, რომ უარყონ საქართველოს დაახლოება დასავლეთთან. სასამრთლოს ასეთი გადაწყვეტილებები და ხელისუფლების ნაბიჯები კი საბაბს აძლევენ ამ ადამიანებს არაფერი გააკეთონ, რითაც საქართველო დაზარალდება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, მაგრამ ეს საქმე რთულდება ისეთი ნაბიჯების გამო, რომელიც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით იდგმება," - განმარტა დევიდ კრამერმა.