"სააკაშვილის მმართველობის სტილი ჩვენთვის იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მართო ქვეყანა"

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რვა წლის წინ, ხელისუფლება საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი აირით, მედიის თავისუფლების შელახვით დაუპირისპირდა.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თარიღიდან რვა წელი შესრულდა.

"2007 წლის 7 ნოემბერს ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებით, ცრელმსადენი აირით, მედიის თავისუფლების შელახვით, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფით დაუპირისპირდა და უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენა ახალგაზრდა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები.

ქართული საზოგადოების რეაქცია მყისიერი და მკვეთრი იყო. ჩვენ, ყველამ ერთად უარყოფის განაჩენი გამოვუტანეთ ხელისუფლების ქცევას. ამ სულისკვეთებით დავუპირისპირდით 2012 წელს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარულ მმართველობას",  - ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტის თქმით, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილი ახალი ხელისუფლებისთვის იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მართო ქვეყანა.

 "ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილი ჩვენთვის იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მართო ქვეყანა. რომ ქვეყანაში აღარსდროს იქნება ძალადობა, წამება, შანტაჟის პოლიტიკით მართვა, აღარასდროს შეიზღუდება მედია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღარასდროს გახდება სასამართლო ხელისუფლების მსახური, აღარასდროს იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამას ვამბობდით და ვიმეორებთ იმიტომ, რომ გვჯერა დემოკრატიული ღირებულებების, საკუთარ თავზე გადავიტანეთ უსამართლობა და მომსწრენი და მონაწილე ვართ იმისა, როგორ შეაქცია ქართველმა ხალხმა ზურგი მოძალადეებს. მე კვლავ ამ ფასეულობათა, ამ გადაწყვეტილების ერთგული ვარ. მწამს, რომ ამ ფასეულობებს იზიარებს ქართული საზოგადოება. ჩვენ სწორედ ასეთ - დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოს ავაშენებთ", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.