ერაყს ქოლერის ეპიდემია ემუქრება. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლის სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 2 200-ზე მეტი ადამიანი , აქედან დაახლოებით 20% - ბავშვია.
"გაეროს ბავშვთა ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ძლიერი წვიმისა და უსაფრთხოების ნორმების არარსებობით გამოწვეული პრობლემების გამო, დაავადება შესაძლოა, კიდევ უფრო გავრცელდეს", - განაცხადა დუჟარიკმა.
ეპიდემიის კერა ბაღდადსა და პროვინცია ბაბილშია. "ბიბისი" აღნიშნავს, რომ ერაყელები დაბინძურებულ წყალს იყენებენ, რაც ეპიდემიის გავრცელებას უწყობს ხელს.
ერაყში ქოლერის ეპიდემია 2007 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ დაავადება 4 000 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც 24 გარდაიცვალა.