საქართველოს და ისრაელს აქვთ საერთო პრობლემები, იქნება ეს ირანი თუ რუსეთის ყოფნა სირიაში. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ქნესეთის სპიკერმა იული ედელშტეინმა განაცხადა.
როგორც ედელშტეინმა აღნიშნა, ის საქართველოში მანამდე იმყოფებოდა, 2008 წლის ომის შემდეგ და ასევე, 2012 წელს, უკვე დიასპორის მინისტრის რანგში; ხოლო პარლამენტის სპიკერის ვიზიტი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ისრაელის ოფიციალური პირის ყველაზე მაღალი დონის ვიზიტია.
"საქართველოსა და ისრაელს შორის ცუდი ურთიერთობები არასდროს ყოფილა. თუმცა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება, რაც მისასალმებელია. ჩემი ვიზიტის განმავლობაში მქონდა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩემს ვიზავისთან პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მოხარული ვიყავი გამეგო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიმსახურა პრიზი ღია მმართველობის კონტექსტში. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრა პრემიერთან, სადაც ვისაუბრეთ გამოწვევებზე როგორც ისრაელის, ისე საქართველოს რეგიონში. აღმოჩნდა და ეს ცხადიც იყო, რომ ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, იქნება ეს ირანი თუ რუსეთის ჯარების ყოფნა სირიაში", - განაცხადა ედელშტეინმა.
მისივე თქმით, ეს საკითხები განხილული იქნა პრეზიდენტთან შეხვედრაზეც. იგი მიესალმა ისრაელის ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. აღნიშნა, რომ ამან ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა გაზარდა.
ისრაელის ქნესეთის სპიკერის თქმით, ყველა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ოფიციალურ პირებთან გაიმართა, აღინიშნა ებრაელთა თემის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პატრიარქთან ემოციურ შეხვედრას.
"ასეთ ადამიანთან შეხვედრისას ხვდები, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი, რომ არსებობდეს ასეთი შესანიშნავი ურთიერთობები, ორი რელიგიის, ორი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდსაც ანტისემიტიზმი იზრდება, მათ შორის დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებშიც კი", - განაცხადა ედელშტეინმა და დასძინა, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ არის სამაგალითო ქვეყანა ეთნიკური ტოლერანტობის თვალსაზრისით.