„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აზერბაიჯანში მცხოვრებმა ქართველებმა მომავალშიც კარგად იცხოვრონ“

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აზერბაიჯანში მცხოვრებმა ქართველებმა მომავალშიც კარგად იცხოვრონ“

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რასაც ილია მეორე რეგიონისთვის აკეთებს და აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქის ქმედებები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ არის მიმართული.

პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობის მაგალითი მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენებს, რომ ერთ სახელმწიფოში სხვადასხვა რელიგიის და ეროვნების წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია.

„თქვენი ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იქითკენ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, გადაიჭრას ყველა არსებული კონფლიქტი და რელიგიათაშორისი ურთიერთობები მსოფლიოში ურთიერთპატივისცემასა და მშვიდობაზე იყოს დაფუძნებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადმოგცეთ სრულიად აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდესი პატივისცემა. რელიგიათაშორისი ურთიერთობები, რომელიც ჩვენი ინიციატივით ხორციელდება, დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენი ქვეყნების მაგალითები მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენებს, რომ შესაძლებელია ერთ სახელმწიფოში სხვადასხვა რელიგიის და ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ მშვიდობიანად. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების როლი საჩვენებელია ბევრი ქვეყნისთვის. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, მარნეულის მოსახლეობა მოვინახულე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ შეხვედრით. ასევე, ხშირად ვარ აზერბაიჯანის იმ რეგიონებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ და ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვართ ძმები. ისინი აქტიურ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მომავალშიც კარგად იცხოვრონ. ეს ერთ-ერთი ის თემაა, სადაც ძალიან მჭიდრო კავშირებია ჩვენ ქვეყნებს შორის. დამოუკიდებლობის პირობებში ჩვენ შევძელით აგვეშენებინა ის ურთიერთობები, რომელსაც დღეს სტრატეგიულ პარტნიორობას ვუწოდებთ. გაფორმდა დეკლარაცია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ჩვენ ქვეყნებს შორის. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტები უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ფარგლებში. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ის პრინციპია, რაზეც უნდა მოგვარდეს კონფლიქტები და რაც აქტიურ განვითარებაში გვიშლის ხელს. ჩვენ ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა და ყველგან, ყველა სტრუქტურაში მხარს ვუჭერთ ერთმანეთს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ალიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კომპანია ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი და გადამხდელია საქართველოსთვის.

„რაც შეეხება ნავთობკომპანია "სოკარის" საქმიანობას, მოხარული ვარ, რომ თქვენი მხრიდან დაფასდა „სოკარის“ საქმიანობა. როცა „სოკარი“ საქმიანობას იწყებდა, ვთქვი, რომ ის იქნებოდა ქართული კომპანია და ეს ასეცაა. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი და გადასახადების გადამხდელია. ის ინიციატივა, რომ ყველა რელიგიის წარმომადგენლები იღებენ უფასო გაზს, აჩვენებს ჩვენს ზრახვებს. ჩვენი სურვილია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა და დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ორივე სახელმწიფოში არის კონფლიქტის ზონები, რაც დიდ ყურადღებას და კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებებს საჭიროებს. ჩვენი წარმატებული მომავალი დამოკიდებულია სწორედ ჩვენს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შემდეგ ყველა ის გეგმა განხორციელდება, რომელიც დავისახეთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.