„აშშ-ის ელჩის განცხადებას მე ნამდვილად ვერ მივესალმები“

„აშშ-ის ელჩის განცხადებას მე ნამდვილად ვერ მივესალმები“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, სასურველია საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან მეტი კონტაქტი ჰქონდეს.

ამის შესახებ კვაჭანტირაძემ იან კელის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, სააპელაციო პროცესამდე „რუსთავი 2“-ის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს.

„პოლიტიკურ ელფერს მე გამოვრიცხავ. ჩვენ ხმამაღლა ვთქვით და დღევანდელ პრესკონფერენციაზე ახალმა მფლობელებმა დაადასტურეს ის, რომ ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, სახელმწიფოს და პოლიტიკოსებს, მცდელობაც კი შეუზღუდონ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა. ბატონი კელის განცხადებას, ამ მხრივ, მე ნამდვილად ვერ მივესალმები იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, ჩვენ არცერთ დონეზე პოლიტიკოსები - არც აღმასრულებელი და არც საპარლამენტო ხელისუფლება, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ჩართული არ ვართ. მე ვისურვებდი, რომ ჩემი უღრმესი პატივისცემის გამოხატვის დადასტურებით ბატონ ელჩს უფრო მეტი კონტაქტები ჰქონოდა უმრავლესობის წარმომადგენლებთან. მე ვიცი, რომ იგი აქტიურად ხვდება უმცირესობის წარმომადგენლებს, საპარლამენტო ოპოზიციას, მაგრამ თუ დაინტერესდებოდა ჩვენთან უფრო აქტიური კონტაქტით, უფრო სრულყოფილ პასუხებს მიიღებდა ჩვენი პოზიციის შესახებ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

როგორც იან კელის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია "რუსთავი 2"-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს მთავრობას დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები.

"სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რას ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას", - ნათქვამია კელის განცხადებაში.