"მოსამართლის გადაწყვეტილება მახსენებს "ნაცმოძრაობის" პერიოდს, როცა გადაწყვეტილებები ღამით მიიღებოდა"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძეს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ღამით მიიღო.

როგორც კვაჭანტირაძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, განჩინების ასეთ ფორმატში მიღება, სახელმწიფოს ინტერესს ნამდვილად არ შეესაბამება. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილების შინაარსს, კვაჭანტირაძე მას ჯერ არ გაცნობია, ამიტომ შინაარსის კომენტირებისგან უმრავლესობის ლიდერმა, თავი შეიკავა.

"გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემზე ნამდვილად არ ახდენს დადებით შთაბეჭდილებას ის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გვიან ღამით მიიღება. ნამდვილად არ მომწონს ეს ფაქტი და მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების ასეთ ფორმატში მიღება, სახელმწიფოს ინტერსს ნამდვილად არ შეესაბამება. შეიძლება მოსამართლეს დღისითაც ის გადაწყვეტილება გამოეტანა, რაც ღამით გამოიტანა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დრო, ჩემში დადებით ემოციებს ნამდვილად არ იწვევს. ეს მახსენებს იმ დროს, როცა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდიში, გადაწყვეტილებები ღამ-ღამობით მიიღებოდა და წილების გადაფორმება-გადმოფორმება ხდებოდა. არ მინდა ვინმეს რამე მივუთითო, მაგრამ ჩემში ამ გადაწყვეტილების მიღების დრომ, არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, სასამართლო ამით არ სრულდება და მოპასუხე და მოსარჩელე მხარეები მზად არიან, პროცესი საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე გაგრძელდეს. ამის გამო, კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკოსებების მხრიდან, რაიმე ზედმეტი განცხადება, შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა.

"ერთს დავადასტურებ, რომ ნამდვილად ვიქნებით მომხრე, საქართველოში მედიასივრცე სახელმწიფო ჩარევისგან თავისუფალი იყოს",- აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.