იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილება, წულუკიანის კაბინეტში დაიწერა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მას ნამდვილად ეხერხება განაჩენების წერა, თუმცა, ამას სტრასბურგში აკეთებდა.
"მართლაც მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში. მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი. არც ეს გადაწყვეტილება გამოიყურება ცუდად. რაც მთავარია, ის არ არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილება არა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, არამედ იუსტიციის მინისტრის კაბინეტში დაიწერა.
"დღეს სახელმწიფო კაბინეტებში, არამხოლოდ სასამართლოში, არამედ იუსტიციის სამინისტროშიც, კონკრეტულად იუსტიციის მინისტრ წულუკიანის კაბინეტში იწერება ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ეს არ არის მოსამართლე ურთმელიძის დაწერილი გადაწყვეტილება. ქალბატონი წულუკიანიც აუცილებლად პასუხს აგებს სახელმწიფო შეთქმულებაში მონაწილეობისთვის",– აღნიშნა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.