თინა ხიდაშელი :    სასამართლო ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ

თინა ხიდაშელი : სასამართლო ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ

სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას მთავრობის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ღონისძიებაზე, პროექტზე, შემოტანილ კანონპროექტზე და ასე შემდეგ, ხოლო სასამართლო ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

თინა ხიდაშელის, როგორც მთავრობის წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხით დავით დარჩიაშვილი "რუსთავი2"-თან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის განცხადების გამო დაინტერესდა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ "თუ აშშ-ს თანამდებობების პირებისგან ასეთი შეშფოთებები გამრავლდა, ეს აისახება როგორც სამხედრო, ისე უსაფრთხოების სფეროში".

"მე, თქვენგან განსხვავებით, არასოდეს არანაირ პასუხისმგებლობას არსად გავქცევივარ. საქართველოს მთავრობის წევრი ვარ და აბსოლუტურად ყველა მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პასუხისმგებლობას ვიღებ - იქნება ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თავდაცვის მიმართულებით თუ განათლების სამინისტროს ღონისძიებებში. დიახ, მთავრობა არის კოლექტიური პასუხისმგებლობის ორგანო და მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებმაც ასე ლაპარაკი იციან: "იცით რა, ეს ჩემი სფერო არ არის". როდესაც პარლამენტში ვიყავი, როგორც უმრავლესობის წევრი, მაშინაც ვიღებდი პასუხისმგებლობას ჩემს მიერ ხმა მიცემული მთავრობის გადაწყვეტილებაზე. დღესაც, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ღონისძიებაზე, პროექტზე, შემოტანილ კანონპროექტზე და ასე შემდეგ, ოღონდ სასამართლო ხელისუფლებაზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას. ესეც ცალსახად შემიძლია გითხრათ", - მიმართა დარჩიაშვილს თინა ხიდაშელმა.