უკრაინული „WikiLeaks“-ის ფუნქციონირება აღდგენილია

უკრაინული „WikiLeaks“-ის ფუნქციონირება აღდგენილია

უკრაინული საიტ „WikiLeaks“-ის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ საიტზე მომხდარი შეტევები, რის გამოც გვერდმა მუშაობა შეწყვიტა, თბილისში მდებარე სერვერებიდან მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საიტის ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„2015 წლის 4-6 ნოემბერს უკრაინულ „WikiLeaks“-ზე შეტევა განხორციელდა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ საიტი wikileaks.center დაიბლოკა. ჩვენ დავადგინეთ, რომ ქსელზე იერიშის მიმტანი ბოტნეტების უმეტესობა განთავსებული იყო თბილისში არსებულ სერვერებზე და პროვაიდერებზე. ვწუხვართ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დამალონ სიმართლე და საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მზად არიან, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან. მაგალითად, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების სისხლიანი გეგმა, რომელთა საუბრებმაც დაადასტურა ქართული ტელეკომპანიის ჟურნალისტების მსხვერპლშეწირვის მზადყოფნა.

იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ინტერნეტ ტექნოლოგებს ქირაობენ, რათა განადგურდეს ან წაიშალოს ინფორმაცია ჩვენი საიტიდან, ვიტყვით, რომ ყველა მონაცემები და ინფორმაცია ინახება საკუთარ დამატებით სერვერებზე და ისინი ვერანაირად ვერ გაქრება.

ჩვენი დომეინი დაცულია მრავალმხრივი ლოკაციით და თუ ვინმე ჩვენ დაგვბლოკავს, სხვა ტერიტორიაზე, ნებისმიერ ქვეყანაში და კონტინენტზე მოვახდენთ ფორმირებას, სადაც არის მომსახურების ჰოსტინგი“, - ნათქვამია საიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2-დღიანი გათიშვის შემდეგ, უკრაინულმა საიტმა „WikiLeaks“-მა ფუნქციონირება აღადგინა.