ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მისთვის წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ეროსი კიწმარიშვილის ახლობლებს არ მიუმართავთ.
როგორც ქიბარ ხალვაშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მისთვის გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი უხერულია, თუმცა მას აქვს ჩანაწერები, რაც მისი და კიწმარიშვილის ურთიერთობას, რეალურად ასახავს.
"ეროსი კიწმარიშვილის ახლობლებს ჩემთვის არ მოუმართავთ, თუმცა ძალიან განსხვავებული პოზიციები იყო დვალის, აქიმიძისა და ეროსისგან "რუსთავი 2"-ის შესყიდვის შემთხვევაში. ერთს გადაეხადა ათჯერ მეტი თანხა, ვიდრე მეორეს. გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი ძალიან ცუდია, მეუხერხულება. ეროსი კიწმარიშვილს რამდენიმეჯერ შევხვდი. იმ მიმოწერას, კომუნიკაციას და მესიჯებს, თუ ძალიან გაინტერესებთ და საჯარო განხილვისთვის არ გსურთ, მოდით და წაგაკითხებთ, რომ დარწმუნდეთ, რაში იყო საქმე. ეროსი როდესაც რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის არ იყო ის სიმართლე. როგორც სიტუაციას მოუნდებოდა, ისეთ ფორმას მისცემდა საუბარს. ეროსისთან ვმეგობრობდი, დაახლოებით 2011 წლამდე ვხვდებოდი და ჩემთან შეხვედრის დროს პრეტენზია არასდოს უთქვამს. თუ გახსოვთ მისი განცხადება, რომ ქიბარმა ფული გამომიგზავნა და ვიღაცამ დააყაჩაღა, ჩვენ ურთიერთობა 2004 წლიდან 2012 წლამდე გრძელდებოდა ფინანსური და რაღაც ბიზნეს ინტერესებისთვის. ამის დამადასტურებელი საბუთი, თუ გაინტერესებთ, მაქვს", - განაცხადა ბიზნესმენმა.
ქიბარ ხალვაშის თქმით, მას ეროსი კიწმარიშვილისთვის 6 მილიონი პირადად არ მიუცია.
"ეროსი კიწმარიშვილს ჩემთვის არ მოუმართავს ფული გადამიხადეო. ეს არის მიშა სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ხინჯი, რომელშიც მეც გავერიე. კიწმარიშვილს ვიღაც იქს პიროვნებამ გადაუხადა ფული, რომლის გადახდაც, მაშინდელმა ხელისუფლებამ მე მომთხოვა. ეროსისთვის პირადად არ მიმიცია, ვაძლევდი ხელისუფლების გარკვეულ პირებს, რომლებმაც თქვეს, რომ კიწმარიშვილს 6 მილიონი გადაუხადეს. მიცემული მაქვს ჩვენება პროკურატურაში, მანდ იყო თანამდებობის პირების დანაშაული და მოვითხოვ საქმე აღიძრას, რომ იმ ადამიანებმაც აგონ პასუხი. მთელი ხელისუფლება იყო ჩარეული - სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
ცნობისთვის ქიბარ ხალვაშის განცხადებით, თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, რომ ტელეკომპანია მას ეკუთვნის, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს წილის ნახევარს დაუთმობს.