ეროსი კიწმარიშვილი როდესაც რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის არ იყო სიმართლე

ეროსი კიწმარიშვილი როდესაც რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის არ იყო სიმართლე

ეროსი კიწმარიშვილი როდესაც რამეს ლაპარაკობდა, ის ყოველთვის არ იყო სიმართლე, - ამის შესახებ დღეს "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა შემდეგი კითხვა დაუსვეს - ეროსი კიწმარიშვილი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, იქნებოდა თუ არა ის ქიბარ ხალვაშისა და ტელევიზიის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის შეთანხმების მონაწილე, ან ხომ არ აპირებს ქიბარ ხალვაში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან კომუნიკაციას და მათთან რაიმეზე შეთანხმებას.

"ეროსის ახლობლებს, რამდენადაც ვიცი, ჩვენთვის არ მოუმართავთ. თუმცა ძალიან განსხვავებული იყო ეროსის, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის პოზიციები. ტელევიზიის გასხვისებისას ერთს ათჯერ მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე ორ დანარჩენს", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით, მას არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ეროსი კიწმარიშვილთან და დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს გააცნოს ის მიმოწერა, რომელიც მათ შორის არსებობდა, თუმცა არა საჯაროდ.

"ეროსი როდესაც რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის ეს არ იყო სიმართლე. როგორც სიტუაციას დასჭირდებოდა, ისე მოარგებდა ხოლმე", - განაცხადა ხალვაშმა.

რაც შეეხება იმას, გადაუხადა თუ არა მან 6 მილიონი ეროსი კიწმარიშვილს ტელევიზიის შესყიდვის დროს, ხალვაში აცხადებს, რომ მას პირადად კიწმარიშვილისთვის თანხა არ გადაუხდია, არამედ აძლევდა ვიღაც X პიროვნებებს, რომლებიც მაშინ ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული და შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს თანხა ეროსი კიწმარიშვილს გადაუხადეს.

"მიცემული მაქვს ეს ჩვენება პროკურატურაში. ძალიან გთხოვთ ამოიღოთ. მანდ იყო ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირების დანაშაული", - განაცხადა ხალვაშმა და აღნიშნა, რომ ამაში ჩარეული იყო სააკაშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი და მთელი ხელისუფლება.