ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, "რუსთავი 2"-ის ახალ მმართველებს თავისი მოვალეობის შესრულების საშუალება უნდა მიეცეთ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პაატა სალიამ აღნიშნა, იმისათვის, რომ განხორციელდეს თუნდაც ერთი ლეგიტიმური გადაწყვეტილება, საჭიროა რევაზ საყევარიშვილის და დავით დვალის ხელმოწერა.
"ჩვენ არანაირ იძულებას, ძალადობას არ ვაპირებთ. თუ ვინმე თავის კაბინეტში გამაგრებას აპირებს, საზიანო იქნება თქვენთვის, ამას მოჰყვება შესაბამისი ზომები, უკვე ზიანის ანაზრაურება, ისინი პირადად აანაზღაურებენ და ა.შ. იმისათვის, რომ მოხდეს ჩვეული საქმიანობა, ხელფასების დარიგება, გარკვეული ნივთების შესყიდვა, ყველაფრისთვის საჭიროა რევაზ საყევარიშვილის და დავით დვალის უშუალო ჩართულობა, ეს არის სასამართლოს განჩინება. მე ვთვლი, რომ ყველანი უნდა ვიყოთ კანონმორჩილნი, შევასრულოთ სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული", - აღნიშნა პაატა სალიამ.
კითხვაზე, თუ როდის შევლენ ახალი დროებითი მმართველები ტელევიზიაში, დავით დვალმა აღნიშნა, რომ პროცედურულად, ყოფილ მმართველებს ჯერ წერილი უნდა გადაეცეთ.
"ჯერ-ჯერობით უნდა გადაეცეთ წერილი, რამდენადაც ვიცი პროცედურულად ასეა",- აღნიშნა დავით დვალმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.