„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანა არამარტო თავისუფალი სიტყვის დაცვის გამოწვევის წინაშე დგას, არამედ არხის, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა ქვეყანაში.
მისი თქმით, ქვეყანაში დგას საფრთხე, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის.
„ის, რაც ხდება, მონარქიისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა არა მარტო სიტყვის თავისუფლების დასაცავად, არამედ არხის, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა ქვეყანაში. „რუსთავი 2“-ს ვერ აკონტროლებს ხელისუფლება და მისი ხელში ჩაგდება სურს. გვაქვს ფართო საფრთხე, ანუ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის. შუასაუკუნეებისგან თანამედროვე დემოკრატიას ის განასხვავებს, რომ არსებობს ნორმები, რომელშიც ხელისუფლება უნდა ერკვეოდეს. ივანიშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს. გუშინ საკონსტიტუციომ მიიღო გადაწყვეტილება. ახლა მე სხვა ცირკს მოვიგონებ და გავაკეთებ რაც მინდა იმას. დამატებითი ცინიზმია ის, რომ არსებობს დამატებითი მუხლი, რომელიც უზღუდავს მოსამართლეს ასეთი რამის გაკეთებას. ესაა 251-ე მუხლი. არაფერს აზრი არ აქვს რაც ხდება. არის მონარქის, მეფის ნება და მისი ხუშტურები. ამას მშვიდობიანი მანიფესტაციებით საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს“, - განაცხადა ბოკერიამ.
იურისტ ბექა ბასილაიას განცხადებით, აბსურდია ის, რომ თითქოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება რაიმე სამართლებრივ რეჟიმს ეფუძნება.
„სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი პირდაპირ საუბრობს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნვეჰყოფის ღონისძიებები გადაწყვეტილებისთანავე უნდა იქნას მიღებული, ჩვენ კი ვნახეთ სურათი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც დარღვევაა. საინტერესოა, რომ სამოქალაქო-საპროცესი კოდექსი, რომელიც ამ ურთიერთობებს არეგულირებს, საერთოდ არ ითვალისწინებს დროებით მმართველს და მსგავსი ინსტიტუტის შემოღებას. როდესაც საუბრობენ, რომ „რუსთავი 2“ ამ დავაში მხარე აღარაა, ეს აბსურდია, რადგან იმავე გადაწყვეტილებით მხარედაა მოხსენებული. როცა ადვოკატი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ს დაცვის უფლება არ შეეზღუდა, ეს არის ცინიზმი და ეს ფორმა ურთიერთობის, რაც სასამართლომ, მხარემ, ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა აირჩია, სამართლებრივი ჩარჩოებიდან არის გასული. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასებები ამ საკითხზე შეუძლებელია“, - განაცხადა ბასილაიამ.
„რუსთავი 2“-ის ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამია და კახა დამენია ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებიან, თუმცა მხარდამჭერებთან ამ დრომდე არ გამოჩენილან.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.