„რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველის, რეზო საყევარიშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება.
როგორც საყევარიშვილმა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ტელეკომპანიას არც ერთი ადამიანი არ დატოვებს, თუ ეს მისი პირადი სურვილი და გადაწყვეტილება არ იქნება.
„ჩვენ, როგორც დროებითი მმართველები მოწოდებული ვართ, რომ უზრუნველვყოთ ტელეკომპანიის შეუქცევადი და წარმატებული საქმიანობა, განურჩევლად იმისა, როგორ დასრულდება ეს სამართლებრივი დავა. რომ ის მაპატრონეს ჩაბარდეს, როგორც გამართული ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებს, არის მოგებაზე გასული, არის რეიტინგული დაა.შ. „რუსთავი 2“-ში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება. ეს ჩვენი ყველას ერთობლივი ხედვაა და ასეც იქნება. ასევე მეორე მხრივ, მე მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას „რუსთავი 2“-ში, მეც იქ ვმუშაობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მე ბევრი მეგობარი მყავს, მე მინდა მათ ვუთხრა, ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ. არც ერთი ადამიანი „რუსთავი 2“-ს არ დატოვებს. ბუნებრივია, თუ ეს არ იქნება მისი პირადი სურვილი და ბუნებრივია, თუ ეს არ იქნება იმ პრინციპებთან კონფლიქტში მოსვლა, რომელიც საზოგადოდ არის აღიარებული, როგორც ჟურნალისტიკის პრინციპები, რომელსაც ყველა ობიექტური ტელევიზია უნდა იცავდეს. მე ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“, რომელიც რეიტინგებით ნომერ პირველი ტელევიზიაა ამ რეიტინგს შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაიძლიერებს“, - განაცხადა რეზო საყევარიშვილმა.