„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, ქიბარ ხალვაში, ისევე, როგორც პრემიერი და მთელი სახელმწიფო მანქანა, ივანიშვილის მომსახურე პერსონალია.
მისი თქმით, საქართველოს დღეს დამნაშავე ხელისუფლება ჰყავს.
„ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტი, რომელსაც სურს მიიღოს 2 რამ - ქონება, რომელიც მას არასდროს შეუქმნია და თავისუფალი სიტყვა, რომელიც საზოგადოებას ეკუთვნის. ქიბარ ხალვაში, ისევე, როგორც პრემიერი და მთელი სახელმწიფო მანქანა, ივანიშვილის მომსახურე პერსონალია“, - განაცხადა რატიანმა.
სერგო რატიანი „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ყველა უკანონოდ აფასებს, მნიშვნელოვანია.
კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების გამართვას, რატიანმა განაცხადა, რომ პარტია კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს.
„რაც შეეხება იმას, თუ რა გზას ირჩევს კონკრეტული პოლიტიკური ძალა „რუსთავი 2“-ის დასაცავად, ეს მათი არჩევანია. მე ვფიქრობ შეშფოთების, სადღეგრძელოების და სხვა გზა ამოწურულია. ჩვენ ვიმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში და შევეცდებით დავაბრუნოთ ხელისუფლება სამართლებრივ სივრცეში. დღეს ჩვენ დამნაშავე ხელისუფლება გვყავს“, - განაცხადა რატიანმა.
„რუსთავი 2“-ის ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამია და კახა დამენია ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებიან, თუმცა მხარდამჭერებთან ამ დრომდე არ გამოჩენილან.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.