"ტელევიზიას არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებს"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და დროებითი მმართველის დავით დვალის განცხადებით, მან პროკურატურაში საჩივარი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით 2012 წელს შეიტანა.

დავით დვალის განცხადებით, არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ ტელევიზიას დაიბრუნებდა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ქიბარს იმ წინადადებისთვის, რაც მივიღეთ. თავიდანვე გვქონდა გაცხადებული, რომ ჩვენ ვიყავით ერთად, მე და ჯარჯი აქიმიძე, რომ ვიყავით პირველები, ვისაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ტელევიზია წაართვა, თუმცა არასდროს დაგვიკარგავს იმედი, რომ მას აუცილებლად დავიბრუნებდით. 2012 წელს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, უამრავი ადამიანია დაკითხული, თუმცა შეფერხებულია გამოძიება. სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ გვქონდა ბატონ ხალვაშთან საუბარი ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით ხედვებზე და მიხარია, რომ ჩვენი  ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ეს მაძლევს იმ იმედს, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი გაუგებრობა არ იქნება. რაც შეეხება ჩემს თანხმობას დროებით მმართველის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ, ალბათ სხვა დროს და სხვა პირობებში ვიტყოდი, რომ მოდი, ქიბარ, ჯერ დაიბრუნე ტელევიზია და მერე ვიმოქმედებ. ჩემი გადაწყვეტილება მიმაღებინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა. ვხედავ ექსტრემისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობს, ფარად გამოიყენოს ტელევიზია, გამოიყენოს ბრძოლის იარაღად და თავისი ინტერესებისთვის“, - აღნიშნა დვალმა.

მისი თქმით, ტელეკომპანიას არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებს და ისინი არ იქნებიან გათავისუფლებულებული სამსახურიდან.

„ბევრი ახალი თანამშრომელია „რუსთავი 2"-ში, ბევრი არ მიცნობს. შემიძლია, ერთი რამ გითხრათ ხაზგასმით, როგორც დამფუძნებელს, მსურს და პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ეს ტელევიზია გაძლიერდეს, ჰქონდეს რეიტინგი, დაფუძნებული იყოს თავისუფალი სიტყვის პრინციპებზე. ხაზს ვუსვამ, არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს ტელევიზიას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და არავინ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ დავდგებით ჟურნალისტების კედლად, რომ იყვნენ თავისუფლები საქმიანობაში", - განაცხადა დვალმა.