ტელეკომპანის "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებლმა ჯარჯი აქიმიძემ ის სამპუნქტიანი გეგმა გაახმაურა, რომელიც ქიბარ ხალვაშთან და დავით დვალთან ერთად არხის მართვის მიზნით ჩამოაყალიბა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, ქიბარ ხალვაშთან ერთად შეთანხმდნენ იმ სამპუნქტიან გეგმაზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ქვაკუთხედი მათი თანამშრომლობის და იმის, თუ როგორ უნდა ეფუნქციონირა ტელევიზიას.
"თუ ამ სამ პუნქტს დავიცავთ, ჩვენი თანამშრომლობა შედგება. პირველი პუნქტი ეს არის, რომ ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურს და საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების შესაბამისად. იქიდან გამომდინარე, რომ "რუსთავი 2" დღეს პოლიტიკური ძალისგან გათავისუფლებული არ არის, დღეს "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში და აკეთებს იმას, რაც უნდა სააკაშვილს. ჩვენ გვინდა რომ "რუსთავი 2" არ იყოს არც მიხეილ სააკაშვილის, არც ბიძინა ივანიშვილის, არცერთი პარტიის და მომავალი ხელისუფლების. ჩვენ გვინდა "რუსთავი 2" იყოს ის მაგალითი, რომელიც გამოგვიყვანს მოჯადოებული წრისგან, რომელზეც ამდენი ხანი ვტრიალებთ. მეორე პუნქტი - ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე, პოლიტიკური პროცესებისას იქნება ობიექტური, კრიტიკული, იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ჩვენი აზრით ეს არის ყველაზე მთავარი. მესამე - ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, ან პარტიების შემოწირულობით და პოლიტიკური დაკვეთით. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით. აქედან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არცერთი პარტიისგან, არცერთი თეთრი არ ავიღოთ, თუ ამას შევძლებთ ვიქნებით დამოუკიდებელი და ჩვენი ჟურნალისტებიც იქნებიან დამოუკიდებელი. ჩვენ ამას შევძლებთ", - აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.