ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის ტელეკომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე თქმით, ის ჟურნალისტების საქმიანობაში არ ჩაერევა და აღნიშნულ საქმიანობას ისეთ პროფესიონალებს მიანდობს, როგორებიც დავით დვალი და რეზო საყევარიშვილი არიან.
„მინდა აგიხსნათ და მოვხსნა ყველა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება „რუსთავი 2“, როდესაც საბოლოოდ გადმოვა ჩვენს საკუთრებაში. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი კომპანია იქნება პარიტეტულ საწყისებზე. მე შეიძლება ვიღაცამ მიკერძოებულობა მიმათვალოს და აქედან გამომდინარე, მე კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ, ჟურნალისტიკა იქნება თავისუფალი ჩემგან. ამ საქმიანობას წარმართავენ ისეთი პროფესიონალები, როგორიც დათო და რეზო არიან“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.